არ ვიცი პანდემიის დასაწყისიდან რამდენი ხანი იყო გასული, როდესაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა სტატუსები, რომელშიც ამჟამინდელი მდგომარეობა, შედარებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ყოველდღიურ რეალობასთან. რეალობასთან სადაც გარემოს არადაპტირებულობისა თუ სხვა ფაქტორების გამო ამ ადამიანებისთვის ხშირად ცხოვრება უბრალოდ ოთხი კედლით შემოიფარგლება. ამ ახალ პარალელთან ერთად, იმის იმედიც გაჩნდა, რომ საზოგადოება ამჯერად უფრო ნათლად გაიგებს იძულებით სახლში ყოფნის გემოს. რა თქმა უნდა ეს გემო არ მოეწონება. მაშინვე საკუთარ ცხოვრებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ცხოვრებასთან გააიგივებს და ამ რეალობის შესაცვლელად შენთან ერთად დაიწყებს ბრძოლას. არა და ვერ. თავი დავანებოთ იმას, რომ ზოგადად ადამიანის ბუნებაა ისე მოწყობილი, რომ საკუთარ ცხოვრებას ყოველთვის ნათელ ფერებში ხედავს.მათგან განსხვავებული ადამიანების ცხოვრება კი ბუნებრივია სხვა ფერის იქნება, ნაცრისფერი ან სულაც შავი. მეორე ის, რომ ამ გაგანია ეპიდემიის პირობებში ადამიანი დაავადებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მისგან გამოწვეულ სოციალურ შედეგებზე.
მეტიც, მე ვფიქრობ, რომ მსგავსმა აზრმა შეიძლება ზიანიც კი მოიტანოს და საზოგადოების ცნობიერებაში ამ ადამიანთა მიმართ ახალი, უარყოფითი ემოციების მთელი თაიგული გააჩინოს. პანდემიის ჩავლის შემდეგ, როდესაც ვინმე შეზღუდულ შესაძლებლობას ახსენებს, მის ქვეცნობიერში ის დაძაბული და ერთფეროვანი რეალობა ამოტივტივდება, რომელშიც დღეს უწევთ ადამიანებს ცხოვრება. და ღმერთმა ნუ ქნას ამ შედარებაში ადამიანებმა ნიშნის მოგების ელემენტებიც აღმოაჩინონ. " მე ოთხ კედელ შუა მიწევს ცხოვრება, კარგია? ამის გამო შენც ხომ იგივე მოგეზღო? ამ პანდემიამ ხომ გამოგკეტა სახლში?" ასეთ დამოკიდებულებას კი საზოგადოება არ გაპატიებს და კიდევ უფრო გაგრიყავს.
ვწერ ბლოგს და ვფიქრობ, ყოველივე ეს ჩემს ზედმეტ სიფრთხილეს ხომ არ უკავშირდება და თივის ზვინში ნემსს ხომ არ ვეძებ.
თქვენი არგუმენტის გამართლების შემთხვევაში, დანებების ნიშნად ყველაზე მაღლა ავწევ ხელებს გპირდებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий