112-ის ბლოგერი

მე ნათია გოგოლაშვილი ვარ. სტატიების წერა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავიწყე. დღესაც მახსოვს, ის სიხარული, როდესაც სტუდენტურ გაზეთში გამოქვეყნებული პატარა სტატიის ბოლოს ჩემი სახელი და გვარი დავინახე. მახსოვს თემაც: „უტრანსპორტობა“. პრობლემა, რომელიც ნანატრ სტუდენტობის წლებს ლაზათს აკლებდა.

შემდეგ იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონეადამიანთა მოძრაობა. ბუნებრივია, პროფესიით ფილოლოგს, ამ ადამიანთა უფლებების დაცვა ყველაზე უკეთ სიტყვით გამომდიოდა. თუმცა, გზა და გზა იყო სხვა პროექტებიც და შესაბამისად სხვა საქმეებიც. რაც არ უნდა მეკეთებინა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ თავს ყველაზე უკეთ მაინც საჭირო სიტყვების ძებნისას ვგრძნობდი.

2009 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სრულიად მოულოდნელად გაიმარჯვა ჩემმა სტატიამ ,,გამოშვერილი თითი“. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა კომპანიამ სოციალური პროექტის ფარგლებში საკუთარ გაზეთში საავტორო სვეტის გაძღოლა შემომთავაზა. საკუთარი სვეტის არსებობა საშუალებას მაძლევდა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზეც მეწერა. ეს იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა ცხოვრება. მოგეხსენებათ, ამ თემას, ზოგადად მსოფლიო მედიაც ნაკლებად სწყალობს. გამონაკლისი არც ქართული მედია - სივრცე გახლავთ. ცნობილია ის ფაქტი, რომ სწორედ საინფორმაციო საშუალებებით ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. საკუთარი სტატიებით ვცდილობდი მკითხველისათვის მეჩვენებინა ის შესაძლებლობები, რომლებიც ამ ადამიანებს სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში გააჩნიათ და ის, რომ მედიაში მიმობნეული სტატიები ამ მიმართებით ამინდს ვერ შექმნის. საჭიროა საკითხის რეგულარული და კორექტული გაშუქება. პარალელურად ვცდილობდი ყურადღების მიღმა არც საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები დამრჩენოდა. შემდეგ სტატიები ბლოგებად იქცა.

2013 წლიდან, სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული პრევენციის მექანიზმის მოწვეული ექსპერტი ვარ. ჯგუფის მიზანია დახურულ დაწესებულებებში ადამიანთა წამების აღმკვეთი პრევენციული ღონისძიებების გატარება. ამ მიზნით აღნიშნულ დაწესებულებებში დრო და დრო ხორციელდება მონიტორინგი. პირადად მე, ვეცნობი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მდგომარეობას.

როდესაც „112“-მა ბლოგერობა შემომთავაზა, პირველი, რამაც დამაინტერესა თემების მრავალფეროვნება იყო, რაც პრობლემის უკეთ ჩვენების მეტ შესაძლებლობას იძლევა. მოგეხსენებათ, „112“ ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლია ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქეებსა და საგანგებო სამსახურებს შორის. 112-ზე შემოსულ ზარებს დროული და ეფექტური რეაგირება სჭირდება. 112-ის ცენტრში ბევრი საინტერესო ისტორია, გადარჩენილი სიცოცხლე და განსაკუთრებული ამბებია. ბლოგის თემების შერჩევაში თქვენი კომენტარებიც დამეხმარება. ასე რომ ბლოგის ავტორი გისმენთ...

#112გისმენთ

აღნიშნული ბლოგი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის II კომპაქტის მიერ. მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.

Комментариев нет:

Отправить комментарий