среда, 25 ноября 2020 г.

ლურჯი "ბოლოკაბა"

      197 რომელიღაცა წელს ჩემი საბჭოთა ქვეყანა 8  მარტის აღსანიშნავად  ემზადებოდა. გარეთ ალბათ უკვე თბილოდა. აი, შიგნით რომ ნამდვილად თბილოდა, ეს კი კარგად მახსოვს.ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში დღესასწაულისთვის ვემზადებოდით. ლექსებით და სიმღერებით ხან დედას

ვულოცავდით დღესასწაულს, ხან-ბებიას. ერთი, ორი სტროფი  მასწავლებლებისთვისა გვქონდა გადანახული. საღამოს, საძინებელ ოთახში ყველა ხმადაბლა კიდევ ერთხელ ვიმეორებდით იმ დღით ნასწავლს. ხუმრობა ხომ არ იყო უმეტესობა ჩვენგანი ნამდვილ სცენაზე პირველად დადგებოდა. ზოგი სცენაზე მდგარ შავ პიანინოს დაეყდნობოდა, ზოგს დასაყრდნობად მწვანე სკამს მიუჩოჩებდნენ და როგორც  ნამდვილ არტისტებს შეეფერებოდა ჩვენ სცენაზე აუცილებლად დავდგებოდით.  ღელვასაც კი  მხოლოდ დადებით  ემოციებიღა შერჩენოდა. რადგანაც 8 მარტი  უქმე დღედ იყო გამოცხადებული, ღონისძიების გამართვა წინა დღეს გადაწყდა. ჩვენს კონცერტს  მთავარი  ექიმებიცა და ექთნებიც უნდა დასწრებოდნენ. ლამაზი  კაბა მჭირდებოდა. საღამოს, სანახავად  მოსული დედა ყველაზე ლამაზ კაბას დამპირდა. მეორე დღესვე შეასრულა.  მისი დახვეწილი გემოვნება ახალთახალ ლურჯ  ქვდა კაბას  და  ხაკისფერ კოფთასაც ეტყობოდა.საკიდიც არ დავიწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული მქონდა როდის ჩავიცვამდი, მკაცრად გადავწყვიტე ახალი ტანსაცმლით კონცერტამდე ოთახის მეგობებსაც კი არ ვჩვენებოდი. ისინი კარადაში დაელოდებოდნენ 7 მარტის 2 საათსს.

   ის დილაც ჩვეულებრივ დაიწყო, რადგან საუზმეზე ძალიან მაგვიანდებოდა, დამხმარე ქალმა სკამზე დადებული ყვავილებიანი ხალათი შემომაცვა. ლოგინი აალაგა და კარადიდან გამოღებული ლურჯი ბოლოკაბაც ლოგინზე გადაკიდა.

-10 საათზე ჩემს შესაცვლელად მანანა დეიდა მოვა და კონცერტისთვის ტანსაცმელს გამოგიცვლის - მითხრა წინა ღამის ნამორიგვებმა ქალმა.

- კარგი ნუნუ დეიდა - ვთქვი მე და  თვალი ისევ ტანსაცმლისაკენ გავაპარე.

საუზმეს მასაჟი მოჰყვა, მასაჟს - ფიზო თერაპია. სავარჯიშო ოთახშიც მონდომებით ვივარჯიშე. ორს ათი წუთი აკლდა, დამხმარე მორიგე ქალი კი ისევ არ ჩანდა. სამკურნალო ფიზკულტურის ხელმძღვანელს, ნინოს ყელის გამოწევით შევეხვეწე: "ნინო ექიმო ჩემს ოთახში ჩამაცილეთ რა, უნდა გამოვიცვალო, ხუთ წუთში კონცერტი იწყება, პირველი გამოვდივარ, სამი დიდი ლექსი უნდა წავიკითხო"- წავიტრაბახე.

  გზად დერეფანში დამხმარე მორიგეს შევხვდით. კოლეგას სიცილით რაღაცას უყვებოდა. მაგვიანდებოდა. "ამ გოგოს კონცერტზე აგვიანდება "- შეახსენა ნინო ექიმმა. "კარგი, დამიტოვე და მივხედავ".  - უთხრა ქალმა და შეწყვეტილი საუბარი იმავე შემართებით გააგძელა. "წავიდეთ რა იწყება... კაბა უნდა ჩავიცვა"- ვუთხარი ყელში ტირილგაჩრილმა. "დამაცადე" მითხრა ისე, რომ არც კი შემოუხედავს. მარტო ვერ წავიდოდი, რადგან ნაბიჯის გადასადგმელად იმ დროს ჯერ კიდევ ვიღაცას უნდა დავყნობოდი... ახლომახლო არც სკამი ჩანდა... მოსაუბრეს ხუთწუთიანი ლაპარაკის მერეღა დაშორდა. ჩემთვის კი იმ  ხუთ წუთში ხუთი დღეც თავისუფლად ჩაეტეოდა. საათს დახედა. "დაწყებულა" -თქვა გულ გარეთ და  ელვის სისწრაფით ლიფტისკენ გამაქანა. მესამეს მიაჭირა.. "ჩემი ოთახი მეორეზეა, ტანსაცმელი იქ  მაქვს" - შევახსენე" "შენს გამოცვლას არავინ დაელოდება . დროზე წამოდი პირველი გამოდიხარ"...

  პირველად  "დიდ" სცენაზე  ყვავილებიანი ხალათითა და ნამტირალევი თვალებით ვიდექი. სამივე  ლექსი უშეცდომოდ წავიკითხე, მაგრამ იმ დღეს ჩემს ქალურ ბუნებას რა დააკლდა ფსიქოლოგებმა, ან ფემინიზმზე მომუშავე ადამიანებმა ახსნან. მათი  რჩევა ეგებ კიდევ გამომადგეს....     

 

Комментариев нет:

Отправить комментарий