суббота, 21 января 2023 г.

112

 - აბა, დღეს რა წავიკითხოთ? - ჰკითხა ვახშმის მერე დედამ ტასოს.

- აი ეს - უპასუხა გოგონამ დედას და ჩანთიდან ლურჯყდიანი წიგნი ამოიღო.
- პალაციო. „საოცრება“ - ეს რამე ახალია ტასიკო? მეც არ წამიკითხავს.
- კი დედიკო სულ ახალია, ნინიმ მათხოვა, თან მითხრა, კითხვა რომ დავამთავრე, მთელი ღამე სიზმარში ავგუსტს ვხედავდიო. ისე მომეწონა. ისე ისე... - აგრძელებდა პატარა და ცდილობდა მეგობრის ემოცია როგორმე დედამდე მიეტანა.
- აბა ვნახოთ ჩვენც, თუ ეგრე ძალიან მოგვეწონება. - ღიმილით უთხრა დედამ და საკითხავად მოემზადა.
- იცი დედიკო გამართულ კითხვას რომ ვისწავლი რამდენ წიგნს წავიკითხავ? - ვნახოთ.
- „ავგუსტუსი მზეა. მე, დედა და მამა პლანეტები ვართ და მის გარშემო ვბრუნავთ. ნათესავები და მეგობრები ასტეროიდები და კომეტები არიან და მზის გარშემო მბრუნავი პლანეტების ირგვლივ ტრიალებენ, ერთ-ერთი ციური სხეული“- თანდათან დედა ტექსტს დაბალი ხმით კითხულობდა.
- „რომელიც მზე ავგუსტუსის გარშემო არ ბრუნავს ჩვენი ძაღლი დეიზია ისიც იმიტომ. რომ მისი პატარა“, - დედიკო გეხვეწები ცოტა ხმამაღლა რა - სთხოვა ტასიკომ.
- „ძაღლური თვალებით დანახული ავგუსტუსის სახე დიდად არ განსხვავდება" - ქალი მიხვდა, რომ ასოებს ვეღარ არჩევდა -„სხვა ადამიანების სახეებისგან“.....
- გავაგრძელოთ რა დე - მავედრებელი თვალებით ახედა გოგონამ დედას...
დედას თვალები დაეხუჭა და ვეღარ ლაპარაკობდა....
ტასო დაიბნა, მაგრამ მალევე მიხვდა რომ ვინმესთან უნდა დაერეკა. კარის მეზობელი ჯერ გადმოსული არ იყო. მამა მუშაობდა და ტელეფონიც გამორთული ექნებოდა.
- ერთი, ერთი, ორი გისმენთ!
- ჩემი დედიკო ძალიან ცუდათააა - ტირილით ეუბნებოდა გოგონა ოპერატორს.
- სად ცხოვრობ პატარავ?
- ნუცუბიძე, მაგრამ მისამართი არ ვიცი, ახალი სახლია
- იმ სკოლის ნომერი თუ იცი რომელშიც სწავლობ?
- ვიცი. ჯერ ისევ ძველ სკოლაში დავდივარრრ..
ტასომ ოპერატორს სკოლის ნომერი უთხრა.
- მომიყევი სკოლაში რა ხდება? - მორიგე ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვის საუბრით გართობას ცდილობდა.
რამდენიმე წუთში, დედიკო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანა.
2018 წელს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-სა და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას“ (EMIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი „112“-ის თანამშრომლებს სწრაფი რეაგირების საშუალებას აძლევს მაშინაც კი, როდესაც დაზარალებული ბავშვი ზუსტად ვერ ამბობს საკუთარ მისამართს, ამ დროს ოპერატორს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ რაღაცა მინიშნებებით დაადგინოს მისი ადგილსამყოფელი.
ამ დროს წამები გადამწყვეტია. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად „112“-ის ოპერატორს საშუალება ეძლევა სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემა eSchool-ის დახმარებით უსწრაფესად დაადგინოს ბავშვის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო მონაცემები. ყველაფერი ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუკი ბავშვი სწორად ამბობს საკუთარ სახელსა და გვარს, და იმ სკოლის ნომერს, რომელშიც აღნიშნულ მომენტში სწავლობს. ორ უწყებას შორის ინფორმაციის მიმოცვლა დახურული ქსელის მეშვეობით ხდება და კონფინდეციალობის დარღვევის რისკიც მინიმუმამდეა დაყვანილი.
ამ მეთოდს „112“-ის ოპერატორები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუკი დაზარალებული პატარა საკუთარ ადგილსამყოფელს ვერ ასახელებს, მას კი მყისიერი დახმარება სჭირდება.
მეორე დღეს მამასთან ერთად საავადმყოფოში მისულ ტასიკოს დედამ ღიმილით უთხრა, რომ სულ მალე მას პატარა დაიკო ან ძამიკო ეყოლებოდა და მიტოვებული წიგნის კითხვას დღეს საღამოსვე გააგრძელებდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий