понедельник, 12 января 2015 г.

მე სადაგი დღეები უფრო მიყვარან

ალბათ ათიოდე წლის წინ ერლომ ახველდიანის ეს სიტყვები ჩემს შინაგან პროტესტს გამოიწვევდა. როგორ? ახალი წელი?, საზეიმო განწყობა? გოზინაყი? თბილი სადღესასწაულო მილოცვები? განა ყველა მოუთმენლად არ ველით ამ დღეებს? მოდით, ამჯერად მხოლოდ დროს დავაბრალებ იმას,
რომ საზეიმო განწყობას დაგეგმილი დღის კეთილი დასასრული უფრო მიქმნის და ბანალურ მისალოც სიტყვებს მეგობრის თითოოროლა ძუნწი, მაგრამ ნაღდი სიტყვა მირჩევნია, რომელსაც სიჩქარის გამო მართლწერის პრობლემა უფრო მეტ გულწრფელობას სძენს. გიორგი კეკელიძისა არ იყოს, მე ის ათასჯერ ნატყვიარი ახალი წელი უფრო მეიმედება, რომელსაც ხელოვნური სუნთქვა ანუ ჩვენი სიკეთე სჭირდება იმისთვის, რომ ძალაში შევიდეს. ცოდვა გამხელილი სჯობს და იმედს, სხვების მსგავსად მეც ხან დასავლურ, ხანაც აღმოსავლურ ჰოროსკპებსა თუ მომავალი წლის ტენდენციებში საგულდაგულოდ ვეძებ. ერთი წლის საკმარის იმედს. არადა, ქართველობას რომ უსიხარულობის განცდა შემოგვეპარა, ამას ის ერთი სიტყვაც მოწმობს ამ ბოლო დროს ქართველები მადლობისა თუ სხვა რაიმე კეთილი სურვილების გამოსახატად რომ ვხმარობთ - „გაიხარე“,რომლის გაგონებაზეც აუცილებელ ჩაღიმებას უნებურად სევდაც შეერევა, ბოლო დროს ასე გამძაფრებული სადღესასწაულო სევდა. ქათმისა და კვერცხის პირველობისა არ იყოს, ისიც საკამათოა სიხარულს მოაქვს ბედნიერების განცდა თუ ბედნიერების განცდა იწვევს სიხარულს. სიხარულისა რა გითხრათ, მაგრამ ფსიქოლოგები გვარწმუნებენ ბედნიერების სწავლა შესაძლებელიაო. ვცადოთ!   სასტარტო პირობები ყველასათვის ერთნაირია: ახალი წლის უქმეები დასასრულს უახლოვდება და ორშაბათიც მალე გათენდება. ბანალურობას კი ვერსად გავექცევით. მაშ ასე: სხვების ნუ შეგვშურდება და საკუთარ თავს სხვებს ნუ შევადარებთ. მნიშვნელოვანია დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს. დავაფასოთ არსებული და დავტკბეთ. არასოდეს ვთქვათ უარი დიდი მიზნისკენ სავალ გზაზე. შევეცადოთ სხვათა გამარჯვებები და ცხოვრებისგან მიღებული სიკეთეები ჩვენთვის იქცეს არა გაღიზინებისა და გაბრაზების მიზეზად, არამედ შთაგონებისა და მოტივაციის ახალი იმპულსად. მიმართულება ავიღოთ იქით, რომ არავის არაფერში არ ჩამორჩეთ. ეს უკანასკნელი ბედნიერების ყველაზე დიდი მტერია. მიღწეულით ნუ დავკმაყოფილდებით.  ყოველთვის დავისახოთ ახალი მიზნები. ეს მიზნები შეიძლება იყოს გლობალურიცა მაგ: სახლის აშენება, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში მოგზაურობა, და ყოვედღიურიც მაგ. ანგარიშის მომზადება, ფიტნეს კლუბში სიარულის დაწყება. გვახსოვდეს ექიმად გახდომაც, ბავშვის გაზრდაცა და სუფის მოხაშვაც - მიზანია. არაფერი ვინანოთ. წარსულს ვერ შეცვლით, ამიტომაც იმაზე ფიქრი, რომ წარსულში რაიმეს სხვანაირად გავაკეთებდით - აბსოლუტურად უსარგებლოა. სჯობს ვკონცენტრირდეთ იმაზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს აწმყოსა და მომავლში მივიღოთ გადაწყვეტილება და თავადვე აიღოთ პასუხისმგებლობაც. რა არის ჩვენთვის უკეთესი ჩვენზე კარგად არავინ იცის. რა თქმა უნდა რჩევების მოსმენა ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ჩვენვე უნდა მოვირგოთ. ვისწავლოთ დასვენება. დასვენება და სიმოვნების მიღება ბედნიერი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი რეალობაა. ნუ შევწირავთ დასვენებას სამსახურსა და ფულს. გვახსოვდეს ამათგან პირველი ყოველთვის ბევრი იქნება, მეორე კი-ცოტა. შევეცადოთ ორგანიზირება გავუკეთოთ ჩვენი შვებულების მრავალფეროვნებით გაჯერებულ პროგრამას. ნუ დავივიწყებთ ნურც ყოველდღიურ დასვენებას, რომელიც ძილსა და თავისუფალ დროსთან ერთად მოიცავს ბანალურ უსაქმურობასაც. ვისწავლოთ პატიება და წყენის დავიწყება. უარყოფითი ემოციების დაგროვება ჩვენც გვავნებს და სხვასაც. დავკავდეთ სპორტით. ვიაროთ ფიტნეს კლუბში. სისტემატურად ვივარჯიშოთ, ან სულაც უბრალოდ ვისეირნოთ. დადასტურებულია, რომ ფიზიკური დატვირთვის დროს ადამიანის ტვინს დიდი რაოდენობით მიეწოდება ჟანგბადი და ორგანიზმში ჩნდება ბედნიერების ჰორმონი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს დაახლოებით 4 საათი მანძილზე გუნება-განწყობილების ამაღლებას. გავუფრხილდეთ ჯანმრთელობას. ნებისმიერი დაავადება ხომ დაკავშირებულია ცუდად ყოფნასა და სასიცოცხლო ძალების შესუსტებასთან. ამიტომ, უმჯობესია მისი პრევენცია, ვიდრე დროის, ძალისა და ფინანსების კარგვა მის აღსადგენად. ვიკვებოთ სწორად. შეეცადე უარი თქვათ ორგანიზმისთვის მავნებელ პროდუქტების მიღებაზე. მაგ: ფასტფუდებზე, რაც სულაც არ ნიშნავს უარი თქვათ ჭამით გამოწვეულ სიამოვნებაზე. გახსოვდეთ არცერთ დიეტას ადამიანისთვის ბედნიერება არ მოაქვს, გემრიელ ვახშამს კი შეუძლია ჩვენი განწყობილების მკვეთრად გაუმჯობესება. ყოველდღე ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, დავაფასოთ და პატივი ვცეთ ჩვენს შესაძლებლობებს. ვეცადოთ ჯანმრთელი ეგოიზმი სწორ თვითკრიტიკასთან დავაბალანსოთ გავიღიმოთ. გავიღიმოთ მაშინაც კი როცა ადრესატი არ გყავს. ფიზიოლოგები ღიმილს კარგი განწყობის ღილაკს ეძახიან. სასიხარულო მიმიკები ხსნიან დაჭიმულობას და ტვინის იმ ნაწილის სტიმულირებას ახდენენ, რომელიც ადამიანის კარგ განწყობაზე აგებს პასუხს. ჩვენს გარშემო შემოვიკრებოთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ენერგია. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ კარგი წიგნების, საინტერესო ფილმებისა, საყვარელი მელოდიის ან სულაც ლამაზი ნივთების მეშვეობით. ვინ იცის, ამ პრინციპებიდან მთელი წლის მანძილზე თუნდაც ორის შესრულებამ მომდევნო წლის გასახარიცა და სათქმელიც თავისთავად დააგროვოს. ახალი წელი ხომ ისევ მოვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий