ბოლო დროს ჩვენში ფართოდ გავცელებული სლოგანი, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, პირადად მე ერთ ცნობილ გამოთქმას მაგონებს, „ჩვენთან (სსრკში) სექსი არ არის“.
როგორც მაშინ, „დიად საბჭოეთში” ეზოში მოთამაშე ბავშვები იყვნენ უტყუარი საბუთი იმისა, რომ ჩვენში გამრავლების ტრადიციულ მეთოდს ანუ სექსს მიმართავდნენ, ისე, ჩვენს ახლა უკვე დემოკრატიული ქვეყნის ქუჩებში შეზღუდულ შეძლებლობის მქონე ადამიანების არ არსებობა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. კარგად მესმის, რომ ამ სლოგანის ტირაჟირების ავტორებს ამ ადამიანთა ჯგუფის დანარჩენ ჯგუფებთან გათანაბრების კეთილი სურვილი ამოძრავებთ მაგრამ...
რა არის სლოგანი? კლასიკური განმარტებით სლოგანი არის კომპანიის სიტყვიერი დაპირება. დაპირების დაპირებად არ დარჩენას კი დიდ წილად არსებული რეალობაც განაპირობებს. არცერთი კომპანიისგან წამოსულ ამ სიტყვიერ დაპირებას მე, როგორც ერთი რიგითი შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი, ვერ ვირწმუნებ და აი რატომ. ვთქვათ, ამ ლოზუნგის მატარებელმა რომელიმე კომპანიამ გადაწყვიტა ადამიანთა ამ ჯგუფიდან რამდენიმე ეტლიანი ადამიანის დასაქმება. სამუშაო ადგილზე შესაბამისი ინფრასრუქტურაც მოაწყო,რაც ჩვენს რეალობაში აუცილებლობად კი არა, ფუფუნებად უფრო აღიქმება. ამ იღბლიანი პირების შეასაძლებლობის შეზღუდვა კარის ზღუბლზე გადაბიჯებისთანავე იწყბა: ეზომდე ჩაღწევა, არადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო მგზავრობის ერთადერთი საშუალების-ტაქსის გამოყენება( რომლის საფასურსაც განვითარებულ ქვეყნებში დამსაქმებელი კომპანია იხდის) , ტაქსის მძღოლის შეწუხებული თვალები იმის გამო, რომ ზედმეტად შეაწუხეთ (სთხოვეთ კარის ან საბარგულის გაღება); აღარაფერს ვამბობ ქუჩაში გამოყოლებულ მზერასა და დადევნებულ არაკორექტულ ფრაზებზე . დილის ასეთი „ტრადიციული“ დაწყება, თუნდაც სამსახურში მიმავალს (ნუ დაივიწყებთ იმასაც,რომ უმცირესობაში ჩემი დასაქმების შანსის გამო კიდევ ცალკე უმცირესობას შევადგენ) ვერაფრით დამარწმუნებს, რომ ჩვენში, სადმე, შეზღუდული შესძლებლობები არ არსებობს.
იმ მრავალრიცხოვანი რჩევებიდან რომელიც ინტერნეტ სივცეში მოვიძიე სწორი და კარგი სლოგანის მოსაფიქრებლად გამოვყოფდი „Kilmer & Kilmer“ -ის წარმომადგენლის ჯერი მეთიუსის რჩევას: “ დაიცავით ზომიერება. მთავარია გამოიგონოთ ისეთი რამ რაც მომხმარებელს სწორ, სხარტ და გასაგებ გზავნილს მიაწვდის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერების დაცვას, სლოგანი უნდა იყოს ახლებური და რელევანტური. მან არ უნდა გამოიწვიოს ნდობის დაკარვა ან აზრის არასწორად გაგება“. კარგად მესმის, რომ სლოგანი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ მშვენივრად პასუხობს R&R Partners-ის აღმასრულებელი დირექტორის არნი დი ჯორჯის მიერ გამოთქმულ რჩევას, რომელიც სლოგანის ემოციურ მხარეზე საუბრობს, მაგრამ აღნიშნულ შემთხვევაში სლოგანი რომ რეალობას გვარიანად სცდება ეს მხოლოდ შეზღუდულობის ერთი კატეგორიის მაგალითზეც თვალნათლივ დავინახეთ. და, ისიც ერთი ჩვეულებრივი დღის მაგალითზე. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დღეს ჩვენში ვერ შედიან იმ დაწესებულებაში სადაც თავიანთი ძირითადი საარსებო წყარო-პენსია უნდა აიღონ. ვერ შედიან აფთიაქში, რათა წამალი იყიდონ. ვერ მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ბოლოს, ყოველივე ამის გასაპროტსტებლად ისინი ვერ შედიან სახელმწიფო დაწესებულებებში.
მომიტევეთ, მაგრამ სლოგანი „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“ კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ თავი ავარიდოთ ყველა იმ პრობლემას, რაც რეალურად დგას ამ ადამიანების წინაშე და ისინი კვლავ უჩინრებად დავტოვოთ.
არადა არსებობს. დაუნახვობა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий