არა მარტო ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა, არამედ რიგითი ადამიანების ცხოვრებაშიც დგება ერთგვარი ხელჩაქნევის და სკეპტიციზმის განცდა საკუთარი
ქვეყნის ბედუკუღმართობით თუ მავანთა გულგრილობით გამოწვეული სევდის გამო.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა "ფოტოგრაფი",
რომელშიც მთავარი გმირი–ფოტოგრაფი საკუთარ ატელიეში ფოტოაპარატზე
წამოსკუპულ შავ ჩიტს–ჯოჯოხეთის
სიძეს ესაუბრება: "ქვეყანა სურათის
გადაღებად არ
ღირს, დაიყრანტალა სტუმარმა და გაფრინდა. ცხოვრებით გაწბილებულმა
ფოტოგრაფმა აპარატი გადმოიღო და ... ჩექმის ქუსლით დაამტვრია. მას შემდეგ
სურათი აღარ გადაუღია. ის კი არა, წიგნიც დაწერა
სახელწოდებით–"ქვეყანა,
რომელიც გადაღებად არ ღირს" ამ მოთხრობის წაკითხვისას უნებურად
გამახსენდა გოეთეს– "შეჩერდი წამო! შენ მშვენიერი ხარ" და მახსოვს მაშინვე
გამიჩნდა პროტესტის გრძნობა ფოტოგრაფის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული დეტალების ასახვა თანამედროვე
ტექნიკით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა, ფოტოგრაფიას არანაირად
არ
დაუკარგავს თავისი ხიბლი და მნიშვნელობა. პირიქით მან ნაირგვარი
განზომილებებით ახალი სიმაღლეებიც დაიპყრო.
გადის ხანი და ადამიანი უკვდავებასთან თამაშს ისევ აგრძელებს. ამა თუ
იმ საგანსა თუ პიროვნებაზე მოგროვილ, მომწიფებულ შთაბეჭდილებებს ისევ ფოტო
კამერის მეშვეობით აფიქსირებს. ფოტოგრაფის მიერ წამიერად დაფიქსირებულ
ემოციაში, მომავალი თაობა, მისთვის საინტერესოს თავად აღმოაჩენს. მოდის
მიმდევრები პირველ რიგში ფოტოზე გამოსახული ადამიანის ჩაცმა–დახურვის სტილს
შეაფასებენ, მერე ამ სტილის ზოგ ელემენტს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ,
ზოგს კი მოიწონებენ და ვინ იცის ეგებ სწორედ ამ დეტალის ძებნაში ბებიების
გარდერობებსაც კი შეავლონ თვალი. ადამიანის შინაგანი სამყაროს მაძიებლები
ეცდებიან გამოიცნონ ფოტოს გადაღებისას როგორ განწყობაზე იყო მათი
წინაპარი, ან როგორი იყო სურათზე გამოსახული ადამიანების
ურთიერთდამოკიდებულება. ძველი ნივთების მოყვარულებს უმალ თვალი ფოტოზე
დაფიქსირებული ძველი ნივთებისკენ გაექცევათ. ერთი დაფიქსირებული კადრი
შეიძლება სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის გახდეს მნიშვნელოვანი
ინფორმაციის შემცველი.
გადის დრო. ფოტოებზე აღბეჭდილი სახეები ფერმკრთალდება, ზოგი სულაც
იკარგება. ამის დასტურად მარტო ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოს ამბავიც
კმარა. ჩვენ ხომ მისი ნამდვილი სახეც კი არ ვიცით. მისი ცნობილი სურათის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აღმოვაჩენთ, რომ, ადამიანი თავისი ბუნებიდან
გამომდინარე, დადებითისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი და ხშირად
რეალობასაც გვარიანდ შორდება. არადა, რეალობა ის საძირკველია, რომელზედაც
მომავალი უნდა დაშენდეს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება, სულ ცოტა ხნის წინ, კომპანია ჯეოსელისა და
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაწყებული პროექტი, რომლის
ფარგლებშიც მისი მესვეურები საქართველოს ციფრული ფოტომატიანის შექმნას
გეგმავენ. "პროექტში ჩართული ადამიანები სოფელ–სოფელ, კარდაკარ ივლიან და
ოჯახებში შენახული ფოტოების გაციფრებას დაიწყებენ" – აცხადებენ ისინი. ამ
პროექტის სულისჩამდგმელებს კარგად ესმით თუ რას ნიშნავს მომავალ თაობას
შემოუნახო რეალობის ამსახველი კადრები. ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც
თავისთავად უამრავ ფოტომასალას ინახავს და სწავლობს, ცდილობს ამ პროექტით
კიდევ უფრო გაამდიდროს საკუთარი ფოტოსაგანძური და უკანასკნელი ტექნიკური
მიღწევების გამოყენებით გაუხანგრძლივოს მათ სიცოცხლე. მარტო რჩეულ
ადამიანთა საგანგებოდ გადაღებული ფოტოები ვერ იქნება სრულყოფილი
ინფორმაციის მატარებლები, რადგან ზოგჯერ უბრალო, სოფლის ორღობეში
გადაღებული ფოტო ბევრად უფრო მეტს გვეუბნება წარსულზე ვიდრე პოზირებული.
სწორედ ამ საშვილიშვილო საქმეს ემსახურება კომპანია "ჯეოსელის" ზემოაღნიშნული
პროექტი, რომელიც შეეცდება აღმოაჩინოს და შეაგროვოს ოჯახებში მიმობნეული,
საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მასალები და მომავალ თაობას ფოტოებთან
ერთად მათი ციფრული ვარიანტებიც შემოუნახოს. სამწუხაროდ, ჩვენში
ფოტოგრაფიის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდა ის ტრადიცია, რომლის შესახებაც
ილია ჩვენი ისტორიის შესახებ გულისტკივილით წერდა: "ჩვენი ისტორია მეფეების
ისტორიაა", მასში უბრალო ხალხის ისტორია ნაკლებად ჩანსო. არადა, ერის
ვიზუალური ისტორიის შესაქმნელად არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, რომ
მოსახლეობის ყველა ფენის ამსახველი კადრები გაგვაჩნდეს. იქნებ,
ქვეცნობიერად სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ვცდილობთ, როდესაც დღევანდელ
დღეს ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალების დაფიქსირებასაც კი ვცდილობთ.
თუმცა, ისტორიისთვის უმნიშვნელოსაც და მნიშვნელოვანსაც თანაბარი როლი
ენიჭება. პროექტში მონაწილეობა ყველას შეუძლია. საჭიროა მხოლოდ იმის
სურვილი, რომ თქვენი წინაპრის გვარიანად გაყვითლებული სურათი თანამედროვე
სამყარომ მისთვის სასურველ და მოსახერხებელ ფორმატში იხილოს. სურათის უკან
გაკეთებული ინტიმური, საიდუმლო მინაწერი კი ისევ საგულდაგულოდ შეინახოთ.
ამასობაში იქნებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ისტორიასაც
მივადევნოთ თვალი.
პროექტი – "შექმენი ჩვენი ციფრული ფოტომემატიანე" გარდა ისტორიული
მნიშვნელობისა, უნებურად ზოგადსაკაცობრიო კითხვაზეც გვცემს პასუხს: ქვეყანა
სურათის გადასღებად ნამდვილად ღირს...
Комментариев нет:
Отправить комментарий